საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ა.წ. 13 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ი. ნანობაშვილი შეხვდა საბერძნეთის შრომის, სოციალური უსაფრთხოებისა და სოციალური სოლიდარობის მინისტრს ეფი ახციოღლუს.

   ა.წ. 13 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ი. ნანობაშვილი შეხვდა საბერძნეთის შრომის, სოციალური უსაფრთხოებისა და სოციალური სოლიდარობის მინისტრს ეფი ახციოღლუს. შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და საბერძნეთს შორის ცირკულარული შრომითი მიგრაციის (ლეგალურად დასაქმების) ორგანიზება. მინისტრს გადაეცა მისი ქართველი კოლეგის დ. სერგეენკოს წერილი, რომლითაც ბერძნულ მხარეს შევთავაზეთ ერთობლივი მუშაობის დაწყება, ცირკულარული შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების გასაფორმებლად. ქ-ნმა ახციოღლუმ ინტერესით მიიღო შეთავაზება და გამოთქვა მზადყოფნა ერთობლივი მუშაობის დასაწყებად. პირველ ეტაპზე, დაინიშნებიან მეკავშირე ექსპერტები, რომლებიც დაამყარებენ პირველად კომუნიკაციას და გაცვლიან აუცილებელ ინფორმაციას. მომდევნო ეტაპზე, პროცესში ჩაერთვებიან ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები, თანამშრომლობის სამართლებრივი ინსტრუმენტის შესაქმნელად.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად ცხოვრებისა და დასაქმების პრობლემის გადაჭრა ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ ამ სამუშაოებში ჩართულია საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა შესაბამისი ქვედანაყოფი. ასევე, განხილულ იქნა საბერძნეთში ქართული ემიგრაციისათვის მნიშვნელოვანი სხვა არაერთი საკითხი.
ამ პროცესის ინიცირებით, ქ. ათენში საქართველოს საელჩომ გახსნა ბერძნულ მხარესთან კომუნიკაციის ახალი არხი, რომელიც ქართული ემიგრაციის პრობლემებზე, მათ შორის, ლეგალურად დასაქმების საკითხზე იმუშავებს.