საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 30 მაისს, ქ. ათენში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჩატარდა საბერძნეთის რესპუბლიკის მასშტაბით პირველი ქართული დიასპორული კონფერენცია

2019 წლის 30 მაისს, ქ. ათენში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჩატარდა საბერძნეთის რესპუბლიკის მასშტაბით პირველი ქართული დიასპორული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა 45-მა ქართულმა ორგანიზაციამ. კონფერენცია ჩატარდა, 2018 წელს, საქართველოს საელჩოს ინიციტივით შემუშავებული, დიასპორულ ორგანიზაციებს შორის ხელმოწერილი, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, საქართველო-საბერძნეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ. კონფერენცია სამ პანელად წარიმართა და მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა ქართველ ემიგრანტთა უფლებების დაცვა; ურთიერთობა საქართველოს საელჩოს სამსახურებთან; „ვიზალიბერალიზაცია“ და მისი გამოწვევები; ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების პრობლემა და სხვა. აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმთან მიერთების სურვილს სულ უფრო მეტი ქართული დიასპორული ორგანიზაცია გამოხატავს. 30 მაისს მემორანდუმს შეუერთდნენ ორგანიზაციები: ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი და ქ. ათენის საქართველოს ქალთა საბჭო. კონფერენციის დასკვნით ნაწილში, საქართველოს „კავკასიის უნივერსიტეტის“ ექსპერტებმა ჩაატარეს სემინარი: „წამოიწყე საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში“. საქართველოს საელჩო გეგმავს, რომ კონფერენციას ქართულ დიასპორულ ორგანიზაციათა ყოველწლიური შეკრების სახე მისცეს.