საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ა.წ. 27 სექტემბერს, საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი ათენის ახალ მერს კოსტას ბაკოიანისს შეხვდა.

ა.წ. 27 სექტემბერს, საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი ათენის ახალ მერს კოსტას ბაკოიანისს შეხვდა. საქართველოს ელჩმა კოსტას ბაკოიანისს მიულოცა ათენის მერად არჩევა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს საელჩოსა და მერიის სამსახურებს შორის მიმდინარე თანამშრომლობა.

საქართველოს ელჩმა ქ. ათენის მერს აცნობა, რომ ქ. ათენის 50-ე და 150-ე საჯარო სკოლებში დანერგილია ქართული ენის სწავლების პროგრამა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროგრამა ქ. ათენის სხვა სკოლებშიც გავრცელდება. ათენის მერმა მაღალი შეფასება მისცა ამ პროგრამას და მხარდაჭერა აღგვითქვა პროგრამის ათენის სხვა სკოლებში გავრცელების საკითხში.

იოსებ ნანობაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ქ. ათენში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციები რეგულარულად, უსასყიდლოდ, მართავენ კულტურულ ღონისძიებებს ქ. ათენის მერიის მფლობელობაში არსებულ შენობებში, რასაც, საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით, ქ. ათენის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური უზრუნველყოფს.

აღინიშნა, რომ საქართველოს საელჩოსთვის პრიორიტეტულია ქართული ემიგრაციის პრობლემების გადაჭრა. ხაზი გაესვა, რომ ორივე მხარის ინტერესებშია, საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად ბინადრობდნენ და მუშაობდნენ საბერძნეთში ყოფნის პერიოდში. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ 2018 წელს, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5000-ზე მეტი ბინადრობის ნებართვა გაიცა. ქ. ათენის მერმა პოზიტიურად შეაფასა ასეთი დინამიკა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი, რომელიც ურთიერთმომგებიანია ორივე მხარისათვის, მისი მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.

კოსტას ბაკოიანისს ეცნობა, რომ ქართული ემიგრაციის პრობლემებზე საქართველოს საელჩო ინტენსიურად თანამშრომლობს საბერძნეთის სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საბერძნეთის პოლიციასთან, მიგრაციის პოლიტიკის ალტერნატიული მინისტრის აპარატთან. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას. ათენის მერმა განაცხადა, რომ კრიმინალთან ბრძოლა და ათენში უსაფრთხოების უზრუნველყოფა მისი პრიორიტეტია.

მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო კოორდინაციაზე. იოსებ ნანობაშვილმა კოსტას ბაკოიანისი ქ. თბილისში მიიწვია, რაზეც ათენის მერმა განაცხადა, რომ 2020 წელს დაგეგმავს საქართველოში თავის ვიზიტს. მან ასევე განაცხადა, რომ მზად არის, უმასპინძლოს ქ. თბილისის მერს კახა კალაძეს, მისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს.