საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება!

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება

გაცნობებთ, რომ 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, იცვლება დაკარგული პასპორტების შეცვლის პროცედურები.

 

კერძოდ, 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან დაკარგული პასპორტის აღდგენისათვის აუცილებელი იქნება პირმა წარმოადგინოს ცნობა/დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან პასპორტის დაკარგვის თაობაზე განაცხადა ადგილსამყოფელ ქვეყანაში სამართალდამცავ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოებში. აღნიშნული ცნობის/დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, კონკრეტული პირისათვის ახალი პასპორტის გაცემა ვერ განხორციელდება. ცნობის წარუდგენლობა არის პასპორტის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი (98 ბრძანების 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).

წარმოდგენილი ცნობა/დოკუმენტი უნდა იყოს დედანი, ან ასლის დამოწმების შემთხვევაში, დამოწმების ბეჭედი/ხელმოწერა უნდა იყოს ორიგინალი, ან სხვაგვარად დასტურდებოდეს/მოწმდებოდეს დოკუმენტის ნამდვილობა .

გასათვალისწინებელია, რომ განცხადებაში/ დოკუმენტში/ცნობაში უნდა იყოს მითითებული დაკარგული პასპორტის რეკვიზიტები, ანუ, ცალსახად უნდა დგინდებოდეს, რომელი პასპორტი დაკარგა პირმა.

საზღვარგარეთ, უცხო ენაზე შედგენილი/გაცემული ცნობა/დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული სათანადო წესით.

საკონსულოში წარდგენილ განცხადებას შესაძლებელია თან დაერთოს დაკარგვის თაობაზე ინგლისურ ან რუსულ ენაზე გაცემული/თარგმნილი დოკუმენტი, რაც დამატებით აღარ საჭიროებს თარგმნას ქართულ ენაზე.

 აღნიშნული ცვლილება ეხება 2019 წლის პირველი ნოემბრიდან ჩაბარებულ განცხადებებს. 2019 წლის პირველ ნოემბრამდე წარდგენილი განცხადებების განხილვა დასრულდება ცვლილებამდე არსებული წესით.

ახალი რეგულაციების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა. საკანონმდებლო სიახლე, ერთი მხრივ, იცავს საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მათი პირადი მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან, მეორე მხრივ კი მიმართულია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის - ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებისაკენ, რასაც უკანონოდ, სხვისი დოკუმენტით საზღვრის კვეთამ ან კიდევ ევროპულ სივრცეში რამდენიმე პასპორტით მოძრაობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას.

 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდს:

psda.gov.ge