საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი დავით დონდუას ზუმ-შეხვედრა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული დირექტორატის ხელმძღვანელთან

2021 წლის 11 თებერვალს შედგა ელჩის, დავით დონდუას ზუმ-შეხვედრა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული დირექტორატის ხელმძღვანელ, ელჩ ხარა სკოლარიკუსთან.

 

მხარეებმა მიმოიხილეს საბერძნეთსა და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ხაზი გაუსვეს, სირთულეების მიუხედავად, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ურთიერთობების ინტენსიფიკაციის აუცილებლობას.

 

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2021 წლის 5 თებერვალს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაში 12 წლით დატოვების თაობაზე.

 

ქალბატონ ელჩს მიეწოდა აგრეთვე ინფორმაცია 2021 წლის 21 იანვარს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ სახელმწიფოთაშორის დავაზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებს.

 

საუბარში ითქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომისა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში.

 

ქალბატონ სკოლარიკუს განემარტა, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორებმა თავიანთ განცხადებებში ხაზი გაუსვან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას.

 

შეხვედრაზე ელჩმა დავით დონდუამ მადლიერებით აღნიშნა ბოლო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საბერძნეთის მიერ გამოხატული ხაზგასმულად მჭიდრო თანამშრომლობის და მხარდაჭერის არაერთი მაგალითი, რისთვისაც მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს.

 

დავით დონდუამ ელჩ სკოლარიკუს მიაწოდა ინფორმაცია საქართელოს აქტიური მზადების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის და აღნიშნა, რომ დაგეგმილია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ელჩების ერთობლივი შეხვედრა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული საქმეების დირექტორატის გენერალურ დირექტორთან. ამ შეხვედრაზე ელჩები ბერძნულ მხარეს დეტალურად გააცნობენ მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებს.

 

ელჩმა სკოლარიკუმ ხაზი გაუსვა, რომ საბერძნეთი უერთდება და მხარდამჭერია ყველა იმ განცხადებისა, რომელსაც ევროკავშირი სხვადასხვა სახის საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის, ეუთო-ში აკეთებს.

 

მხარეები შეთანხმდენენ, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, თანამშრომლობის სამომავლო გეგმები ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება და უფრო გამყარდება.