საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების წარმომადგენლების გაცნობითი შეხვედრა

2021 წლის 5 აპრილს გაიმართა საქართველოსა და საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების წარმომადგენლების გაცნობითი შეხვედრა ონლაინ ფორმატში.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ და ჯგუფის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ხოლო საბერძნეთის მხრიდან - საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, დიმიტრის კუველასმა.
ონლაინ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი დავით დონდუა.
ქართველმა პარლამენტარებმა მიულოცეს ბერძენ კოლეგას საბერძნეთის დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღი, დამოუკიდებლობის 200 წლისთავი და ბერძენ ხალხს კეთილდღეობა უსურვეს. თავის მხრივ, საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგებს მიულოცა ახალი მეგობრობის ჯგუფის ფორმირება და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
შეხვედრაზე მხარეთა მიერ ერთხმად გაესვა ხაზი საქართველოსა და საბერძნეთს შორის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ხაზი გაესვა, რომ საქართველო ისევე, როგორც საბერძნეთი, იმ ტიპის ქვეყნებია, რომლებშიც ეროვნული პარლამენტი განსაკუთრებულ როლს თამაშობს; ამიტომ, საპარლამენტო დიპლომატიას შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ცხადია, ამ პროცესში საელჩოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე ბერძენმა პარლამენტარმა მადლიერება გამოხატა საელჩოსადმი მეგობართა ჯგუფის სისტემატურად ინფორმირებისათვის. ბატონმა კუველასმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი და დააფიქსირა, რომ საბერძნეთი საქართველოს მეგობარი და მოკავშირე ქვეყანაა.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ისტორიული ურთიერთობების საფუძველზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.
გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამარტივებისთანავე, მხარეები შეთანხმდებიან ვიზიტების საკითხზე, ხოლო მანამდე კომუნიკაცია ონლაინ ფორმატში გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს.