საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის დავით დონდუას შეხვედრა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის, უკრაინის, კავკასიის, შავი ზღვის ქვეყნებისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელთან

2021 წლის 22 აპრილს გაიმართა ელჩის დავით დონდუას შეხვედრა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის, უკრაინის, კავკასიის, შავი ზღვის ქვეყნებისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელთან, ელჩ ხარა სკოლარიკუსთან.

მხარეებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული აქტუალური საკითხები და რეგიონში არსებული გამოწვევები. 

შეხვედრის დასაწყისში ელჩმა დავით დონდუამ აქცენტი გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით, 19 აპრილს, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული კომპრომისული დოკუმენტის ხელმოწერაზე. აღნიშნა, რომ არჩეული გზა ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას და რეფორმების გატარებას. ელჩი ხარა სკოლარიკუ მიესალმა დოკუმენტის ხელმოწერას და ხაზგასმით თქვა, რომ საბერძნეთი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

შეხვედრისას დავით დონდუამ ხარა სკოლარიკუს მიაწოდა ინფორმაცია  ევროკავშირისა და საქართველოს მიერ გამართულ ასოცირების საბჭოს სხდომის შესახებ, სადაც ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების/ DCFTA- ს განხორციელების პროცესი. ელჩ ხარა სკოლარიკუს განემარტა, რომ საქართველო  გააგრძელებს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებს გატარებას, რათა 2024 წელს მზად იყოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის შესატანად. ხარა სკოლარიკუმ აღნიშნა, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე დიდ პროგრესს მიაღწია და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ელჩმა ხარა სკოლარიკუს აცნობა, რომ საქართველო აქტიურად ემზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის შემოდგომის სამიტისთვის. მხარეებმა ისაუბრეს ქართული მხარის მოლოდინებსა და მიზნებზე.

შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. დავით დონდუამ ისაუბრა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებასა და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის  მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და უკანონო  დაკავებების და გატაცებების ფაქტებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების მიზნით საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობას.

ელჩმა სკოლარიკუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთი უერთდება და მხარდამჭერია ყველა იმ განცხადებისა, რომელიც გმობს რეგიონში განვითარებულ უკანონო ქმედებებს.

 

მხარეებმა ისაუბრეს პანდემიის გამო შექმნილ სირთულეებზე. გამოხატეს უახლოეს მომავალში როგორც საბერძნეთში, ასე საქართველოში სიტუაციის დასტაბილურების იმედი.

ასევე ითქვა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, თანამშრომლობის სამომავლო გეგმები შეძლებისდაგვარად ინტენსიურად გაგრძელდება.