საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საბერძნეთის კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტი თბილისში ოფისის გახსნას აპირებს


2021 წლის 31 მაისს გაიმართა საქართველოს ელჩის, დავით დონდუას და საელჩოს პირველი მდივნის, ანი უძილაურის ონლაინ შეხვედრა საბერძნეთის კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტის (Hellenic Institute of Cultural Diplomacy) პრეზიდენტ პიტერ კაფსასკისთან, ვიცე პრეზიდენტ, ელჩ ნიკოს კანელოსთან და ინსტიტუტის მრჩეველთან, ელჩ მიხალის სპინელისთან.

შეხვედრაზე საბერძნეთის კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს გააცნო მათი ინიციატივა თბილისში ინსტიტუტის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით. პიტერ კაფსასკისმა აღნიშნა, რომ საბერძნეთის კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტს აქვს 14 ფილიალი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. ინსტიტუტის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინსტიტუტი მულტიკულტურული ორგანიზაციაა, რომელიც დაინტერესებულია, დაამყაროს და გააღრმავოს კულტურული კავშირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. ხაზი გაუსვა, რომ მათი ინტერესი საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდია და გამოთქვა იმედი, რომ საელჩოსთან თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდება ახლო მომავალში მათი წარმომადგენლობის გახსნა თბილისში.

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ინსტიტუტის პრეზიდენტს ინიციატივისთვის. აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების მქონე ინსტიტუტებთან კონტაქტების დამყარებაა. დავით დონდუამ საბერძნეთის კულტურული დიპლომატიის ინსტიტუტს მხარდაჭერა აღუთქვა. შეთანხმდნენ, რომ საელჩო და ინსტიტუტი ერთობლივად განაგრძობენ მუშაობას თბილისში ოფისის გახსნასთან დაკავშირებით.