საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საბერძნეთში საქართველოს ელჩი დავით დონდუას შეხვედრა სანტორინის მერთან, ანტონიოს სიგალასთან

2021 წლის 8 ოქტომბერს საბერძნეთში საქართველოს ელჩი დავით დონდუა, ქალაქ თერაში, შეხვდა სანტორინის მერს ანტონიოს სიგალასს. შეხვედრას ესწრებოდა სანტორინზე ქართული დიასპორის წარმომადგენელი ლოლა ხრისტუ.
საუბრის დასაწყისში ელჩმა მადლობა გადაუხადა სანტორინის მერს კუნძულზე მობინადრე მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის მხარდაჭერისთვის. მერმა, თავის მხრივ, თბილი სიტყვები არ დაუშურა ჩვენი თანამემამულეებისათვის. აღნიშნა, რომ ის მოხარულია, რომ 1200-მდე ქართველმა სანტორინზე მეორე სამშობლო ნახა და ადვილად ინტეგრირდა ადგილობრივ საზოგადოებაში. მერის თქმით, ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ერთმორწმუნე ქართველ და ბერძენ ხალხს ბევრი აქვს საერთო.
საუბრის მთავარი თემა იყო გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გზების მოძიება ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, რომლებიც, როგორც საქართველოსთვის, ისე სანტორინისთვის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგებია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაინტერესებული პირებისგან შექმნიან სამუშაო ჯგუფებს (5-6 კაციანს), რომლებშიც წარმოდგენილნი იქნებიან ტუროპერატორები, სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელები, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროების სხვა მუშაკები და გაცვლიან გაცნობით ვიზიტებს. შეთანხმდნენ, რომ თავდაპირველად ქართული დელეგაცია ეწვევა სანტორინს, მომავალი წლის პირველ კვარტალში, შემდეგ კი სანტორინის დელეგაცია გაემზავრება საქართველოში. საქართველოსთვის უაღრესად საინტერესოა ტურიზმის სფეროში საინტორინის წარმატებული გამოცდილების გაზიარება.