საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი დავით დონდუა კუნძულ სანტორინზე შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

2021 წლის 7 ოქტომბერს ელჩი დავით დონდუა კუნძულ სანტორინზე შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს დიასპორისთვის საჭირბოროტო არაერთ საკითხზე. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდა თაობისთვის ქართული ენის შესწავლის საკითხზე, საბერძნეთის რეგიონებში ქართული საკვირაო სკოლების აუცილებლობაზე.
დავით დონდუამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის "ისწავლე საქართველოში" ფარგლებში, ქართველი ახალგაზრდების საქართველოში სწავლის გაგრძელებასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე.
ელჩმა თანამემამულეებს გააცნო აგრეთვე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველწლიურ საგრანტო პროგრამები და მოუწოდა მათ აქტიური ჩართულობისკენ.
დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა საელჩოს მზაობაზე, ითანამშრომლოს დიასპორის წარმომადგენლებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით. ამ მიზნისთვის, შეთანხმდნენ, რომ სანტორინზე მცხოვრები თანამემამულეები, ბერძნული კანონმდებლობის შესაბამისად, ოფიციალურად დააფუძნებენ დიასპორულ ორგანიზაციას. ეს გაუადვილებს საელჩოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ქართველებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე საუბარს.
სანტორინზე მცხოვრებმა თანამემამულეებმა სინანულით აღნიშნეს, რომ მოკლებულნი არიან ქართულ ენაზე წირვა-ლოცვის საშუალებას და სთხოვეს ელჩს უშუამდგომლოს საბერძნეთში მოღვაწე ქართველ მღვდელმსახურებთან, რომ პერიოდულად ჩავიდნენ კუნძულზე.
Ელჩმა განსაკუთებული მადლობა გადაუხადა ქალბატონებს ლოლა ხრისტოს და მაია ბუცხრიკიძე-თეოხარის შეხვედრის ორგანიზებისთვის.