საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი დავით დონდუა ეწვია საბერძნეთის საზღვაო ძალების მიჩმანთა აკადემიას

2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ელჩი დავით დონდუა ეწვია საბერძნეთის საზღვაო ძალების მიჩმანთა აკადემიას. შედგა შეხვედრა აკადემიის ხელმძღვანელობასთან და საზღვაო სასწავლებლის ოთხ ქართველ სტუდენტთან, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიპენდიანტები არიან.
შეხვედრას უმასპინძლეს საზღვაო მომზადების ადმინისტრაციის უფროსმა, ვიცე-ადმირალმა იოანის პატასმა, საზღვაო მიჩმანთა სკოლის ხელმძღვანელმა კაპიტანმა დიმიტრიოს ღავალასმა და აკადემიის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელმა, ლეიტენანტმა იოანის იანიოტისმა.
აკადემიის ხელმძღვანელებმა ელჩს და საელჩოს წარმომადგენლებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია სასწავლებლის 135 წლიან ისტორიაზე, სტრუქტურაზე, სასწავლო პროგრამებზე და ქართველი სტუდენტების სწავლის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ელჩმა დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა საბერძნეთის საზღვაო ძალების მიჩმანთა აკადემიის ხელმძღვანელობას საქართველოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის. აღნიშნა, რომ ევროპულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღება ქართველი სტუდენტებისთვის კარგი შესაძლებლობაა, მით უფრო, საბერძნეთის საზღვაო აკადემიაში, რადგან საბერძნეთს ამ სფეროში მდიდარი ტრადიცია და გამოცდილება აქვს. ელჩმა და აკადემიის რექტორმა ისაუბრეს თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, ქართველი სტუდენტების სწავლის პროცესზე და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ვიზიტის დასასრულს დავით დონდუა შეხვდა აკადემიის ქართველ სტუდენტებს. ისაუბრეს, როგორც სასწავლო პროცესთან, ისე ყოფით საკითხებთან დაკავშირებულ ასპექტებზე. ელჩმა წარმატება უსურვა ქართველ სტუდენტებს და საელჩოს კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობა შესთავაზა.