საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საბერძნეთის მთავარეპისკოპოსთან, მის უნეტარესობა იერონიმოს მეორესთან შეხვედრა

2021 წლის 16 დეკემბერს საქართველოს ელჩი დავით დონდუა შეხვდა საბერძნეთის მთავარეპისკოპოსს, მის უნეტარესობა იერონიმოს მეორეს.
საბერძნეთის არქიეპისკოპოსმა გულთბილად მიიღო ერთმორწმუნე მეგობარი ქვეყნის ელჩი და ხაზი გაუსვა, საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვან სულიერ თუ კულტურულ ურთიერთობებს. დიდი პატივისცემით მოიხსენია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მხნეობა უსურვა.
საქართველოს ელჩმა მის უნეტარესობას მადლობა გადაუხადა მიღებისთვის, სინანულით აღნიშნა, რომ პანდემიის გამო აქამდე ვერ მოხერხდა მასთან შეხვედრა; გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გულითადი მოკითხვა და ვრცლად ისაუბრა ორ მართლმადიდებელ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირებზე.
საუბრისას აქცენტი გაკეთდა საბერძნეთში მცხოვრებ მრავალრიცხოვან ქართულ დიასპორაზე. მისმა უნეტარესობა იერონიმოსმა გამოხატა თავისი კეთილგანწყობა და მხარდაჭერა ელადის მიწაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიმართ.
საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა დალოცა საქართველო და ქართველი ხალხი. საქართველოს ელჩს კი წარმატება უსურვა ორ ქვეყანას შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელოვან საქმეში.