საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

EPLO-ს დირექციის ინიციატივა, ხელი შეუწყოს ქართველ სტუდენტებს, მიიღონ უმაღლესი განათლება ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტში - ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლაში (ELGS).

2021 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ელჩი დავით დონდუა ესტუმრა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (The European Public Law Organization, EPLO) და შეხვდა ორგანიზაციის პრეზიდენტს, პროფესორ სპირიდონ ფლოღაიტისს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო EPLO-ს დირექციის ინიციატივას, ხელი შეუწყოს ქართველ სტუდენტებს, მიიღონ უმაღლესი განათლება ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტში - ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლაში (ELGS). პროფესორი ფლოღაიტისის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ  საბერძნეთში, შესაძლებლობა ეძლევათ, 2022 წლიდან მოიპოვონ სასწავლო სტიპენდია როგორც ბაკალავრიატში, ისე მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად.

სპირიდონ ფლოღაიტისმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების ქვეყანაა და მან აუცილებლად უნდა დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ევროპულ ოჯახში. მან ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ძალიან პოზიტიურად აფასებს საქართველოს, როგორც რეგიონში წამყვან, დასავლური კურსის მქონე და სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანას, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებისადმი მტკიცე ერთგულებით გამოირჩევა.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ფუნდამენტური ევროპული განათლება, სიღრმისეულად შეისწავლონ ევროპული სამართლის ნორმები და მმართველობის პრინციპები, რათა გამოიყენონ სამომავლოდ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც ევროკავშირი რეალურად იძლევა.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ევროპული სამართლისა და ევროპული მმართველობის ფაკულტეტები. წლის განმავლობაში 40 ქართველ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნულ უნივერსიტეტში, სრულიად უფასოდ მიიღოს უმაღლესი განათლება - 20 ადგილი ბაკალავრიატი (სტანდარტული ფასი 10 ათასი ევრო წელიწადში) და 20 ადგილი მაგისტრატურა (სტანდარტული ფასი 13 ათასი ევრო წელიწადში).  კიდევ 40 სტუდენტისთვის (20 ბაკალავრიატი / 20 მაგისტრატურა) შესაძლებელი იქნება 50% ფასდაკლება.

ბაკალავრიატში სწავლის ხანგრძლივობა  სამი წელია, ხოლო მაგისტრატურაში 1 წელი და 3 თვე. სწავლის პროცესი ჰიბრიდულია და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ როგორც ფიზიკური დასწრებით, ისე დისტანციურად. ამასთანავე, გარკვეული რაოდენობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, უნივერსიტეტის კამპუსში იცხოვრონ. სწავლა ინგლისურ ენაზეა, ხოლო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების დიპლომების ექვივალენტურია.

ამასთან, ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციას თბილისშიც აქვს საკუთრი წარმომადგენლობა და მათი მეშვეობით საქართველოში მაცხოვრებელი ახალგაზრდებიც ისარგებლებენ მსგავსი შეთავაზებით.

შეხვედრაზე ელჩმა დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა პროფესორ ფლოღაიტისს უნიკალური შემოთავაზებისთვის. ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებობდეს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია, რადგან ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია, ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების მქონე ინსტიტუტებთან კონტაქტების დამყარებაა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მიესალმება ეპლო-ს რეგიონული ოფისის წარმატებულ ფუნქციონირებას საქართველოში და ძალიან აფასებს ქართულ-ბერძნულ ამგვარ თანამშრომლობას, რომელიც საგანმანათლებლო, კვლევითი სამუშაოებისა და საერთაშორისო ტრენინგების ჩატარების კუთხით ხორციელდება. ცხადია, ევროპული სამართლის სპეციალისტების აღზრდა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დავით დონდუამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ეპლო-ს დირექციის მიმართ და აღნიშნა, რომ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ქართველ სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, სწავლა განაგრძონ ისეთი მაღალი სტანდარტების მქონე ევროპულ უმაღლეს სასწავლებელში, როგორიცაა EPLO-ს ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლა ELGS და მით უფრო, სრულიად უფასოდ.