საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მიხეილ ჯანელიძე სერბეთის რესპუბლიკის ევროინტეგრაციის მინისტრს შეხვდა

7.03.2018 ქ. ბელგრადი - ​სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის ევროინტეგრაციის მინისტრთან იანდრანკა იოკსიმოვიჩთან. 

მინისტრებმა მიმოიხილეს ევროპული ინტეგრაციის საკითხები, მიხეილ ჯანელიძემ მიულოცა სერბეთს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წარმატება და აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის გახსნილი გაწევრიანების პერსპექტივა კარგი გზავნილია საქართველოსთვის. მან სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრს გააცნო საქართველოს ევროპული დღის წესრიგი, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე არსებული ამოცანები, მათ შორის ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მეტ ინსტიტუციურ, სექტორულ დაახლოებას ევროკავშირთან.

„თქვენ ხართ ყველაზე მოწინავე ქვეყანა მიმდინარე გაფართოების პროცესში და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ წარმატებებს მიაღწევთ. თქვენი წარმატება ჩვენს ინტერესშია, ვინაიდან საქართველომაც ორგანიზაციაში ინტეგრაციის გზა უნდა გაიაროს და მისი სრულუფლებიანი წევრი გახდეს" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ამ კუთხით გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს.

„საქართველოს გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ევროპული პერსპექტივა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებში ევროკავშირთან მიერთების პროცესი განსხვავებულად  მიმდინარეობს, ის რაც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს, ეს არის ევროპული პერსპექტივა. როგორც ევროკავშირის აპლიკანტი ქვეყნები, რომლებსაც ტრადიციულად მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები გააჩნიათ, სერბეთი და საქართველო დაინტერესებულნი არიან ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება მთელ რიგ სფეროებში ევროპული სტანდარტების დანერგვის კუთხით, რაც მათ ევროინტეგრაციის გზაზე უფრო მეტი პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას მისცემს" - განაცხადა იანდრანკა იოკსიმოვიჩმა.