საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მიხეილ ჯანელიძე ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება

​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2018 წლის 6-7 მარტს ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სერბეთის რესპუბლიკაში. 

ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ანა ბრნაბიჩთან. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთ მხარდაჭერა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სერბეთის პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მიხეილ ჯანელიძემ ბრნაბიჩს მიულოცა ევროკავშირის დასავლეთ ბალკანეთით გაფართოების გადაწყვეტილება და ხაზი გაუსვა ამ პროცესის უდიდეს მნიშვნელობას საქართველოსთვის.

კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მზაობა გამოცდილების გაზიარების, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების სფეროში. სერბეთი დაინტერესებულია გაიზიაროს საქართველოს წარმატებული გამოცდილება საჯარო ადმინისტრირების, სამოქალაქო სერვისების და ელექტრონული მმართველობის მიმართულებით. სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მიესალმა ახლო მომავალში სერბეთში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტს, რომლებიც დაეხმარებიან სერბეთს ქართული ანალოგიით ერთი ფანჯრის პრინციპით რეგიონული სერვის ცენტრების შექმნაში. შესაბამისი შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სერბეთის ადმინისტრაციული რეფორმებისა და თვითმართველობის სამინისტროს შორის გასულ წელს გაფორმდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების მზარდ შესაძლებლობებს, აღინიშნა, რომ ამ მიზნით საქართველოს მიმდინარე წელს ეწვევა სერბეთის ბიზნეს დელეგაცია და თბილისი უმასპინძლებს საქართველო-სერბეთის პირველ ბიზნეს ფორუმს. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველო ასევე გამართავს პირველ მასშტაბურ ღონისძიებას სერბეთში, სადაც საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერბეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მოიწვია.