ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის მიმართვა ქართული დიასპორის დღესთან დაკავშირებით

 

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის

 

მ ი მ ა რ თ ვ ა

ქართული დიასპორის დღესთან დაკავშირებით

 

ძვირფასო თანამემამულენო,

 

27 მაისი ქართული დიასპორის დღეა. ამ დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ქართული საზოგადოების იმ განსაკუთრებული ნაწილის ღვაწლს, რომელიც, ამჟამად, ჩვენი სამშობლოს ფარგლებს გარეთ იმყოფება.

ეს დღე ჩვენი საელჩოსთვისაც განსაკუთრებულია, ვინაიდან საელჩოს საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ქართულ დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა წარმოადგენს. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საბერძნეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ერგოთ პატივი და დაეკისრათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, აქტიურად იყვნენ ჩართული ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებთან, ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან, საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს ათიათასობით მოქალაქესთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში.

ამ ეტაპზე, ქ. ათენში საქართველოს საელჩო, ასევე ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო, საბერძნეთში ქართული დიასპორისათვის მეტნაკლებად მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვით, კონკრეტული გეგმის მიხედვით მუშაობს და კონკრეტულ შედეგებსაც აღწევს. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ქართულ დიასპორასთან დაკავშირებული საკითხები ქართული-ბერძნული ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის პრიოროტეტული თემა გამხდარიყო. უკანასკნელ პერიოდში, ჩვენ ავამოქმედეთ საბერძნეთის ხელისუფლებასთან და ბერძნულ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ყველა ფორმალური და არაფორმალური არხი, რომელთა საშუალებითაც ქართული ემიგრაციის პრობლემების გადაწყვეტის აქტიურ ლობირებას ვახორციელებთ. ეს საკითხები მკაფიოდ ისმება ქართულ და ბერძნულ მხარეთა უკლებლივ ყველა, მათ შორის უმაღლესი დონის შეხვედრებზე. გარწმუნებთ, ქართული დიასპორისათვის მნიშვნელოვანი თემები ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მუდმივად შეინარჩუნებს პრიორიტეტულ პოზიციას, რაც დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს როგორც მიმდინარე, ასევე ყველაზე მგრძნობიარე და პრობლემური საკითხების ქართული ემიგრაციის სასარგებლოდ გადაწყვეტას.

ჩვენი ემიგრაციისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბერძნულ საზოგადოებაში საქართველოს და ქართული დიასპორის შესახებ პოზიტიური განწყობების განმტკიცებას. მინდა მადლიერებით აღვნიშნო ის პოზიტიური შეფასება, რომელსაც ქართული დიასპორა ამ მიმართულებით საელჩოს მუშაობას აძლევს. საქართველოს პოპულარიზაციის საკითხზე ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ საბერძნეთის ბეჭდურ და რეგულარულ პრესასთან, ტელევიზიებთან, პოპულარულ ბლოგერებთან და საინფორმაციო პორტალებთან, ბერძნული საზოგადოების გამოჩენილ წევრებთან, შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან. ასევე, საელჩო მყისიერად და მკაცრად რეაგირებს ბერძნულ მასმედიაში ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებულ ყველა იმ უზუსტობაზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ვრცელდება. ბუნებრივია ისიც, რომ საელჩოს ძალისხმევას მაქსიმალური ეფექტი იმ შემთხვევაში ექნება, თუ საქართველოს მოქალაქეები, საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნისას, სახელმწიფოებრივი აზროვნებით იმოქმედებენ, ჩვენი სამშობლოს ინტერესებით იხელმძღვანელებენ.

მისასალმებელია, რომ ბევრი თქვენგანი პოზიტიურად გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებას, საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების გააქტიურების თაობაზე. შედეგად, იქმნება თემატური, პროფესიული ჯგუფები, რომლებიც, მჯერა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ როგორც დიასპორული პრობლემების მოგვარებაში, ისე ჩვენს ქვეყანაში, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესებში. სასიხარულოა, რომ გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა საბერძნეთში ქართული დიასპორის თვითორგანიზების მიმართულებით - იქმნება ახალი ქართული დიასპორული ორგანიზაციები, ხოლო უკვე მოქმედი გაერთიანებები ააქტიურებენ თავიანთ საქმიანობას. ჩვენ მომავალშიც აქტიურად შევუწყობთ ხელს საბერძნეთში ქართული ემიგრაციის ინტელექტუალური პოტენციალის მობილიზაციასა და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ მიმართვას.

მიმდინარე ეტაპზე, ჩვენს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ ვითარდება, რაც ქართული საზოგადოების თითოეულ წევრს, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, თავისი წვლილი შეიტანონ საქართველოს განვითარებაში. ამ თვალსაზრისით, თითოეული თქვენგანის აზრი, კვალიფიკაცია და გამოცდილება ჩვენი სამშობლოს შემდგომი განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების თავის სამშობლოსთან კავშირების განმტკიცება, საქართველოსთან მათი კიდევ უფრო დაახლოება ქართული სახელმწიფოს ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ კუთხით, ჩვენი მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამ მნიშვნელოვნი როლი შეასრულა. საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ამ მართლაც განსაკუთრებულმა წარმატებამ, არაერთ ქართველ ემიგრანტს მისცა დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენს სამშობლოს კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება ელის, რაც, ბუნებრივია ასახვას საზღვარგარეთ მყოფ ქართულ ემიგრაციაზეც აუცილებლად ჰპოვებს.

 

ძვირფასო მეგობრებო,

 

ქართული ემიგრაციისა და დანარჩენი საქართველოს ურთიერთდაახლოება, კავშირების შემდგომი განმტკიცება შეუქცევადი პროცესია. ვფიქრობ, ჩვენი საერთო მიზანია, რომ ამ პროცესში, ქართულ დიასპორასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის  იმ სახის თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, რომელსაც საქართველოსთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანა შეეძლება. ამიტომ, ქართული დიასპორის დღის მოლოცვასთან ერთად, ნება მომეცით, ქ. ათენში საქართველოს საელჩოს სრული შემადგენლობის სახელით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ დიდი პატივისცემა და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისადმი მზადყოფნა.

ღმერთი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს, საქართველოს.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ