ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გამართული მიღება

greece/25.jpg2016 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. ათენში ოფიციალური მიღება გაიმართა. 

ღონისძიება გაიხსნა საქართველოს ელჩის იოსებ ნანობაშვილის მისასალმებელი სიტყვით, შესრულდა საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნები. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ, ისაუბრა საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

მიღებას დაესწრნენ  საბერძნეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოსა და საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების წევრი ქართველი და ბერძენი პარლამენტარები, ცნობილი ბერძენი ბიზნესმენები, ათენში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელები, ბერძნული მას-მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ათენში მოღვაწე ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.  

მიღების  ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდმა, ასევე ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა „კავკასია" და „პატარა ემიგრანტები".

მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა კერძებთან ერთად საქართველოს საელჩო გაუმასპინძლდა ქართული ღვინით, სხვადასხვა სახის ქართული წარმოების ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით. მიღებაზე გავრცელდა საინფორმაციო ფურცლები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების ამსახველი ბროშურები და საქართველოსთან დაკავშირებული სხვა ბეჭდვითი მასალა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფართოდ გააშუქა ადგილობრივმა პოპულარულმა არხმა „ალფა TV", რომელმაც 27 მაისს საქართველო-საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ საქართველოს ელჩის ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.      

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ