ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2017 წლის 20 თებერვალს თბილისში, საქართველოს და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის ისტორიულ-კულტურული კავშირი, რომელიც ანტიკური პერიოდიდან იღებს სათავეს.

მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის 2017 წელს არსებულ დატვირთულ დღის წესრიგს, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ახლო პერიოდში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოს კოძიასის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა სექტორული თანამშრომლობის გააქტიურების საკითხი. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და  ბიზნეს-ფორუმის გამართვის შესაძლებლობაზე. საუბარი შეეხო სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო პერსპექტივებს.

განხილულ იქნა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა განათლების სფეროში. პეტროს მავროიდისმა მადლიერება გამოხატა, ქართულ სკოლებში ბერძნული ენის სწავლებასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საბერძნეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს საბერძნეთში წარმოდგენილ ქართულ დიასპორაზე. ამ თვალსაზრისით, ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა საბერძნეთის მხარეს, ქართველი ემიგრანტებისადმი გამოჩენილი ყურადღებისათვის.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა საბერძნეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მათ მიერ გაწეული კონტრიბუციისათვის.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, რეგიონში მიმდინარე პროცესებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის და სხვა აქტუალურ საკითხებს.

ხაზი გაესვა, რომ 2017 წელს აღინიშნება ორ ქვეყნას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი.

საქართველოს მხრიდან პოლიტიკური კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საბერძნეთის მხრიდან - საგარეო უწყების პოლიტიკური დირექტორი პეტროს მავროიდისი.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ