ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქ. ათენში საქართველოსა და ლიტვის საელჩოების ინიციატივით, გაიმართა მაღალი დონის კონფერენცია

2017 წლის 8 ნოემბერს, ქ. ათენში, საქართველოსა და ლიტვის საელჩოების ინიციატივით, გაიმართა მაღალი დონის კონფერენცია „EaP: Looking beyond the 2017 Summit", რომელიც მიეძღვნა 2017 წლის 24 ნოემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს.

კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი გახლდათ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა ქ. ათენში საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის საქმეთა გენერალური დირექტორი ი.მეტაქსა, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების გენერალური დირექტორატის C1 სამმართველოს უფროსი ვ. მარაგოსი, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი ვ. სობკოვი, ლიტვის სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე მ. ჟიჩკუსი და სხვა.

ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტებზე. ხაზი გაესვა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საქართველოს პრიორიტეტებს ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით. ყურადღება გამახვილდა მოახლოებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე და საქართველოს პრიორიტეტებსა და მოლოდინებზე.

კონფერენციაზე კვლავ აღინიშნა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის, ლიდერის როლი. ხაზი გაესვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა და ემსახურება რეგიონულ განვითარებასა და პროგრესს. ასევე აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის მასში მონაწილე ქვეყნებისათვის შეთავაზებული ალტერნატივა, რომელმაც ევროკავშირის გაფართოება უნდა შეცვალოს. ცალსახად დაისვა საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ ახალი ინიციატივებით. 


ქართველმა მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოების ყურადღება ასევე გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის ქართველების წინააღმდეგ მიმდინარე ეთნიკური წმენდის ფაქტებზე და აღნიშნეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში შესაძლებელია უფრო მტკიცე ერთობლივი პოზიციების გამოხატვა ევროკავშირის უახლოეს სამეზობლოში ოკუპაციისა და ანექსიის ფაქტების წინააღმდეგ.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქ. ათენში ევროკავშირის, პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, სლოვენიის, უკრაინის, მოლდოვას, შვედეთის, ბულგარეთის, ხორვატიის ელჩებმა, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების მოადგილეებმა, სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა, ასევე ადგილობრივმა კვლევითმა ცენტრებმა და მასმედიის წარმომადგენლებმა.

 

 

 

 

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ