ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოში ვიზიტით მყოფ სერბეთის ვიცე-პრემიერთან, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრთან

2017 წლის 20 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა საქართველოში ვიზიტით მყოფ სერბეთის ვიცე-პრემიერთან, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრთან, რასიმ ლაიაჩთან და საჯარო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრთან, ბრანკო რუჟიჩთან.

შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ურთიერთპატივისცემა და  ხაზი გაუსვეს  ბოლო პერიოდში  ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.

ორივე ქვეყნის ვიცე-პრემიერი მიესალმა ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და სერბეთს შორის „სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების" ხელმოწერას, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, მათ შორის ბიზნეს წრეებს შორის კავშირების ინტენსიფიკაციას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს  ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და  ამ მიმართულებით  არსებულ დიდ პოტენციალზე.  შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო  და  საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, როგორც  სატრანზიტო, ასევე  ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით.

მიხეილ ჯანელიძე მიესალმა ახლო მომავალში „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ" შეთანხმების გაფორმებას.

სერბულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაზე საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის სფეროში და აღნიშნა ამ მიმართულებით ქართული მხარის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო გამოცდილების გაზიარებას „ღია მმართველობის პარტნიორობის" სფეროში. აღინიშნა, რომ ამ მიმართულების თანამშრომლობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სერბეთის საჯარო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის" გაფორმება.

გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული ვიზიტი და ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. 

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ