ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ძვირფასო სტუმარო,

გამარჯობა. თქვენ იმყოფებით საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე. აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ განახლებული ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ასევე, ინფორმაცია საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას, საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების თაობაზე.

უკანასკნელ წლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ისეთი ღირებულებებისა და პრინციპების დამკვიდრებისა და განმტკიცების მიმართულებით, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა და ფუნდამენტური თავისუფლებების უზრუნველყოფა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა და მთავრობის მხრიდან ბიზნესის საქმიანობაში ჩაურევლობა და სხვა.

ამ პერიოდში საქართველომ ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგის რეალიზაციის მიმართულებით. კერძოდ, ხელი მოაწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. საქართველოს მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით წარმართვას და შედეგად, საქართველოს მთავრობას გადაეცა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.

საქართველომ დაიწყო ნატო-ს უელსის სამიტის გადაწყვეტილებით მინიჭებული არსებითი პაკეტის რეალიზაცია, რომელიც მოიცავს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ერთობლივ წვრთნებს, გაძლიერებულ სამეკავშირეო შესაძლებლობებს. პაკეტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ალიანსთან თავსებადობის საშუალებების გაძლიერებას ალიანსში წევრობისთვის მზადების პროცესში. ამასთან, ქართველი ჯარისკაცები აგრძელებენ ალიანსის ძალების მხარდამხარ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს თავის უცხოელ პარტნიორებთან როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ჩვენი ქვეყანა ეუთო-ს, გაერო-ს, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კონსტრუქციული წევრი და მონაწილეა. ქართული მხარის პოზიცია ყოველთვის ემყარება საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებსა და აღებულ ვალდებულებებს.

 საქართველო წარმატებით ახორციელებს საკუთარი ბაზრის შემდგომი ლიბერალიზაციის ღონისძიებებს. ევროკავშირთან ღარმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივცრცის ამოქმედების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები EFTA-ს ქვეყნებთან: ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია და ლიხტენშტეინი. გააქტიურდა ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ინდოეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ცალკეული სახეობებისათვის გაიხსნა რუსეთის ბაზარი. საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს რეგიონული კვანძის (Hub) ფუნქციის რეალიზაციას, ისეთ ახალ მასშტაბურ, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში მონაწილეობის გზით, როგორიცაა ტრანსადრიატიკული (TAP) და ტრანსანატოლიური (TANAP) მილსადენების მშენებლობა. ამასთან, ქვეყანა ავითარებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ისეთი პროექტების რეალიზაციის გზით, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.

საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდგომარეობა, მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლების სიმრავლე, ასევე უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო და სტუმართმოყვარეობის ტრადიციები, ჩვენს ქვეყანას უცხოელი ტურისტებისათვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად აქცევს. სწორედ ამიტომ არის, რომ უცხოელი ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება.

ჩვენი ქვეყნის მოუშუშებელ ჭრილობად რჩება ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა, იქ მცხოვრებთა გაუსაძლისი ყოველდღიური ცხოვრება. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მცდელობამ საერთაშორსო არენაზე სრული კრახი განიცადა. ჩვენ მადლობელი ვართ საერთაშორსო თანამეგობრობის, მათ შორის საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკების, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერისათვის, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საელჩოს თანამშრომელთა ამჟამინდელ გუნდს კონკრეტული ამოცანები და რეალისტური სამოქმედო გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული პროგრესი საქართველოსა და საბერძნეთს, ასევე საქართველოსა და სერბეთს შორის ტრადიციული, მეგობრული ურთიერთობების განვითარების საქმეში. ჩვენ არ დავაკლებთ მცდელობას, რომ საბერძნეთში ქართულმა სათვისტომომ გააგრძელოს საქართველოს მშენებლობაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, შეინარჩუნოს და განამტკიცოს თავის სამშობლოსთან კავშირები. ჩვენი მტკიცე სურვილია ასევე, ხელი შევუწყოთ ქართული ეკლესიის წარმომადგენელთა მოღვაწეობას საელჩოს დაფარვის ორივე ქვეყანაში.

იოსებ ნანობაშვილი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი


 


 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ