საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი დავით დონდუას ვიზიტი ათენის ვახტანგ VI სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში

25 სექტემბერს ელჩი დავით დონდუა "ათენის ვახტანგ VI სახელობის ქართულ საკვირაო სკოლას" ესტუმრა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დირექტორს, დარეჯან ღამბაშიძეს, პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს.
2 ივლისს საკვირაო სკოლაში გასული სასწავლო წლის ბოლო გაკვეთილიც დავით დონდუამ ჩაატარა. გაკვეთილის დასრულებისას მოსწავლეებმა ელჩს გადასცეს წერილები, სადაც მათი სურვილები იყო აღწერილი. ლუკა გიგაურმა ასეთ რამ დაუწერა ელჩს: "ათენში ვისურვებდი ქართულ საბავშვო ბიბლიოთეკას, ბევრი რომ ვიკითხო და გამოვადგე საქართველოს".
ლუკას ამ სურვილის პასუხად, დღეს საქართველოს ელჩმა საკვირაო სკოლას საჩუქრად გადასცა ქართული საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა, რომელიც საელჩოს თანამშრომლებმა მოაგროვეს. ეს წიგნები საფუძველს ჩაუყრის "ლუკას სახელობის ბიბლიოთეკას", რომელსაც თანდათანობით კიდევ უფრო გავამდიდრებთ. იმედი გვაქვს, საკვირაო სკოლის მრავალი თაობის მოსწავლეები სიამოვნებით წაიკითხავენ ამ წიგნებს.
დავით დონდუამ მადლიერება გამოხატა ათენის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელებისა და პედაგოგების მიმართ, რომლებსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ახალგაზრდა თაობის განათლების, მათთვის მშობლიური ენის, ლიტერატურის, ისტორიის, გეოგრაფიის თუ სხვა საგნებისა სწავლის და ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნების საქმეში.