საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების წარმომადგენლების ონლაინ შეხვედრა

2022 წლის 10 მაისს გაიმართა საქართველოსა და საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების წარმომადგენლების შეხვედრა ონლაინ ფორმატში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მხრიდან საბერძნეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ, ჯგუფის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და ელჩმა, დავით დონდუამ; ხოლო საბერძნეთის მხრიდან - საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, დიმიტრის კუველასმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში საბერძნეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გეორგიოს პაპანიკოლაუ და საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი ანი უძილაური.

კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და საბერძნეთისა და მთლიანად ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ სამხედრო აგრესიას და ამ ომის მძიმე შედეგებს.

არსებული სირთულეების და გამოწვევების ფონზე, აღინიშნა საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა. ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წელს, საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30- საიუბილეო წლისთავის ფარგლებში, მოხდება საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების ორგანიზება.