საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და კულტურის სფეროში მოღვაწე თანამემამულეებს უმასპინძლა

2022 წლის 29 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და კულტურის სფეროში მოღვაწე თანამემამულეებს უმასპინძლა. მოწვეული იყვნენ აგრეთვე ჩვენი თანამემამულე პონტოელი ბერძნები.

 

გაიმართა ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი საარქივო ფოტო-გამოფენა.

 

დავით დონდუამ სტუმრებს ეროვნული დღესასწაული და ასევე ქართული დიასპორის დღე მიულოცა.

 

ელჩმა ისაუბრა საქართველოს ისტორიულ არჩევანზე, რომ ქვეყანა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში თავისი ღირებულებებით, ისტორიით, ფასეულობებითა და დამოუკიდებლობით. დავით დონდუამ ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ კავშირებს, ჩვენს ხალხებს შორის დამყარებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს, რომლის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი უნიკალური საარქივო ექსპონატებიც. დავით დონდუამ აღნიშნა, რომ 2022 წელს საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება, თუმცა, რეალურად, დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ 1919 წელს დაიწყო, როცა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და საბერძნეთის სამეფომ პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობები გაცვალეს. ამ პერიოდის ამსახველი ფოტო-დოკუმენტური მასალა შეირჩა დღევანდელი გამოფენისთვის.

 

სტუმრებმა საქართველოს საელჩოს ახალი შენობა, საკონსულოს მოქალაქეთა მისაღები და დიასპორის დარბაზი დაათვალიერეს.