საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

28-30 ივნისს ათენში საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო ჯგუფის ოფიციალური ვიზიტი გაიმართა

2022 წლის 28-30 ივნისს ათენში გაიმართა საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო ჯგუფის ოფიციალური ვიზიტი.

 

საქართველოს დელეგაციას თავმჯდომარეობდა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბ-ნი გივი მიქანაძე; დელეგაციის შემადგენლობაში  შედიოდნენ მეგობრობის ჯგუფის წევრები: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი ნიკოლოზ სამხარაძე და პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრი ბ-ნი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

 

ვიზიტს ფარგლებში გაიმართა დელეგაციის წევრების შეხვედრები საბერძნეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტთან, საქართველოსთან საბერძნეთის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფთან, განათლებისა და კულტურის კომიტეტთან, ევროპულ და თავდაცვის საკითხთა კომიტეტთან; ასევე საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის, ბელარუსის, კავკასიის და შავი ზღვის ქვეყნების დეპარტამენტისა და ევროკავშირის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელებთან.

ათენში ვიზიტით მყოფმა საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა, 29 ივნისს საქართველოს საელჩოში შეხვედრა გამართეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

 

30 ივნისს საბერძნეთში ვიზიტით მყოფი საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ქალაქ ნავპლიოს ეწვია და სამხედრო მუზეუმში საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო ფოტო-გამოფენა ოფიციალურად გახსნა. ღონისძიებას ნავპლიოს მერი, დიმიტრიოს კოსტუროსი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მუზეუმის ხელმძღვანელობა, საქართველოს საელჩოს და ნავპლიოს ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს ინიციატივით, აღნიშნული საარქივო ფოტო-გამოფენა ნავპლიოს სამხედრო მუზეუმში 2022 წლის 17 ივლისამდე გასტანს.

ქალაქ ნავპლიოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, ნავპლიოს მერმა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ქალაქის ცენტრში მდებარე დიასპორის მონუმენტი (მოქანდაკე: გიორგი შხვაცაბაია) ყვავილებით შეამკეს. მოინახულეს ფოთის ქუჩა, რომელსაც დღეს უკვე „საქართველოსა და საბერძნეთის მეგობრობის ხე“ ამშვენებს, როგორც დამეგობრებული ქალაქების (ფოთი და ნავპლიო) და მრავალწლიანი კავშირების სიმბოლო.