საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი დავით დონდუა საბერძნეთის საზღვაო ძალების მიჩმანთა აკადემიის (ΣΜΥΝ) გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო

13 ივლისს საბერძნეთის საზღვაო ძალების მიჩმანთა აკადემია (ΣΜΥΝ) კიდევ ერთმა ქართველმა სტუდენტმა წარმატებით დაამთავრა. ღონისძიებას, აკადემიის მიწვევით, საქართველოს ელჩი დავით დონდუა დაესწრო.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, გაიმართა ელჩის, დავით დონდუას შეხვედრა საზღვაო მომზადების ადმინისტრაციის უფროსთან, ვიცე-ადმირალ იოანის პატასთან, საზღვაო მიჩმანთა სკოლის ხელმძღვანელთან, კაპიტან დიმიტრიოს ღავალასთან და აკადემიის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელთან, ლეიტენანტ იოანის იანიოტისთან. ელჩმა მადლობა გადაუხადა საბერძნეთის საზღვაო ძალების მიჩმანთა აკადემიის ხელმძღვანელობას საქართველოსთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. აღნიშნა, რომ ევროპულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღება ქართველი სტუდენტებისთვის კარგი შესაძლებლობაა, მით უფრო, საბერძნეთის საზღვაო აკადემიაში, რადგან საბერძნეთს ამ სფეროში მდიდარი ტრადიცია და გამოცდილება აქვს. ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე აფასებს იმ განსაკუთრებულ მოპყრობას და მხარდაჭერას, რომელსაც აკადემიის ხელმძღვანელობა და პედაგოგები ჩვენი ახალგაზრდების მიმართ იჩენენ. ელჩმა სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატება უსურვა ქართველ მიჩმანს, ჯაბა გორაძეს პროფესიულ საქმიანობაში; იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი კიდევ არაერთი თანამემამულე შეძლებს აკადემიის წარჩინებით დამთავრებას.