საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ათენს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ეწვია

25-26 ნოემბერს ათენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის "კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის" ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ეწვია.
ამავე პროექტის ფარგლებში ათენში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე და მსახიობი ია შუღლიაშვილი.
26 ნოემბერს მოსხატოს კულტურის ცენტრში ქართული დიასპორის პატარა წარმომადგნელებს ქეთევან დუმბაძემ ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები წაუკითხა და მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა. ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს გარეთ დაბადებული ქართველი ბავშვებისთვის ქართული ლიტერატურის, კულტურის, სასცენო ხელოვნების უკეთ გაცნობის მნიშვნელობას.
მსახიობმა ია შუღლიაშვილმა ინოლა გურგულიას ცნობილი სიმღერები შეასრულა და პატარა სტუმრებს ვოკალურ სემინარში ჩართვით დიდი ემოცია და სიხარული მოჰგვარა.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა რეჟისორების დიმიტრი ღვთისიაშვილისა და გია მარღანიას სპექტაკლი ‘’რწყილი და ჭიანჭველა’’ წარადგინა.
სპექტაკლს ესწრებოდნენ ათენის დავით გურამიშვილის სახელობის საკვირაო სკოლის, ვახტანგ მეექვსის სახელობის საკვირაო სკოლის, ქართულ-ბერძნული კულტურისა და განათლების ცენტრ „არმაზის", ქართულ ბერძნული კულტურული და საზოგადოებრივი ურთიერობების ცენტრ ’’პეგასი მერანი’’-ის, ქართულ-ბერძნული თეატრალური კულტურული ორგანიზაცია "დიონისეს", ქორეოგრაფიული სტუდიების ‘’კავკასია’’, ‘’ივერიელები’’, აღსაზრდელები, მშობლები, პედაგოგები, საქართველოს საელჩოს თანამშრომლები.
პროექტს ათენში უმასპინძლა ‘’ქართულ-ბერძნულმა კულტურულმა ასოციაციამ’’.
ღონისძიება მოსხატოს კულტურის ცენტრში ათენში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
საქართველოს საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის ორგანიზაცია ‘’ათინათი 60’’- ის ხელმძღვანელს ქალბატონ იზო დაშნიანს და მოსხატოს კულტურის ცენტრის დირექციას თანადგომისთვის.