საქართველოს საელჩომ ახალი პუბლიკაციის „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბერძნეთის სამეფოს ურთიერთობა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური და ისტორიული არქივის დოკუმენტების მიხედვით (1919-1921 წლებში)“ პრზენტაციას უმასპინძლა
2023 წლის 2 თებერვალს საქართველოს საელჩომ ახალი პუბლიკაციის პრეზენტაციას უმასპინძლა.
პუბლიკაციაში „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბერძნეთის სამეფოს ურთიერთობა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური და ისტორიული არქივის დოკუმენტების მიხედვით (1919-1921 წლებში)“ შესული დოკუმენტები ბერძნულიდან ქართულ ენაზე თარგმნეს, გამოკვლევა დაურთეს და გამოსაცემად მოამზადეს ისტორიკოსებმა გიორგი ჯანელიძემ, შალვა კირთაძემ და ლევან ჯიქიამ.
ღონისძიებაზე დამსწრე ქართველ და ბერძენ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საელჩოს უფროსმა მრჩეველმა დარეჯან მუმლაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის; აღნიშნა, რომ პროექტი განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში. დარეჯან მუმლაძემ მიულოცა ავტორებს ამ მნიშვნელოვანი ორენოვანი კრებულის გამოცემა და იმედი გამოთქვა, რომ ნაშრომი ერთგვარი ინსპირაციის წყარო გახდება ამ საკითხებით დაინტერესებული ქართველი თუ ბერძენი მკვლევარებისთვის.
პრეზენტაციაზე ავტორებმა გიორგი ჯანელიძემ და ლევან ჯიქიამ ვრცლად ისაუბრეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბერძნეთის სამეფოს შორის 1919 წლიდან დამყარებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე. საინტერესო ისტორიული მიმოხილვის შემდეგ, მათ ხაზი გაუსვეს საბერძნეთის არქივში დაცული უნიკალური მასალების მრავალფეროვნებას და ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.
პუბლიკაციის პრეზენტაციისა და ავტორებთან საინტერესო დისკუსიის შემდეგ, საელჩოს პირველმა მდივანმა ანი უძილაურმა ისაუბრა საელჩოს მიერ მომზადებულ საარქივო ფოტო-გამოფენაზე. მან აღნიშნა, რომ კრებულში წარმოდგენილი დოკუმენტების წყარო საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ და ისტორიულ არქივია, ხოლო საელჩოს საგამოფენო ექსპონატები - ძირითადად, საქართველოს ეროვნული არქივიდან იქნა გამოთხოვილი 2022 წელს - საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღის აღსანიშნად. ეს ურთიერთშემავსებელი საარქივო მასალები ღირებულ ცნობებს გვაწვდის ორ ქვეყანას შორის საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწყებულ დიპლომატიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო თუ ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საბერძნეთის აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები, ბერძენი ჟურნალისტები.