საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე, ალექსანდრე პაიკიძის მიერ მექსიკის ისტორიის თემაზე გამოცემული წიგნის ,,გუატე” პრეზენტაციას დაესწრო
9 ოქტომბერს, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე საბერძნეთში მექსიკის ელჩის, ალეხანდრო გარსია მორენოს მიწვევით, ქართველი ავტორის, ალექსანდრე პაიკიძის მიერ მექსიკის ისტორიის თემაზე გამოცემული წიგნის ,,გუატე” პრეზენტაციას დაესწრო.
ალეხანდრო გარსია მორენომ წიგნის ავტორს მადლობა გადაუხადა მექსიკის ისტორიით დაინტერესებისთვის და ხაზი გაუსვა წიგნის როლს, ორი ქვეყნის კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებისა და ქართულ საზოგადოებაში მექსიკის ისტორიის პოპულარიზაციის საქმეში.
საქართველოს ელჩმა ალექსანდრე პაიკიძეს მიულოცა წიგნის გამოცემა და წიგნის იდეის უნიკალურობას გაუსვა ხაზი. ავტორმა ელჩებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის და დამსწრე საზოგადოებას ,,გუატეს” შექმნის იდეასა და წიგნის ზოგად შინაარსზე ესაუბრა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ნადია დელგადო, საბერძნეთისა და მექსიკის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი და თამი მიხაილიდი, ამავე ასოციაციის გენერალური მდივანი. პრეზენტაციას საქართველოსა და მექსიკის საელჩოს წარმომადგენლები და ქართული დიასპორის წევრები ესწრებოდნენ. დაგეგმილია წიგნის ესპანურ და ბერძნულ ენებზე გამოცემაც.
