საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის გზამკვლევის პრეზენტაცია
ა.წ. 27 მარტს, გაიმართა ქ. ათენში საქართველოს საელჩოს მიერ, ორგანიზაცია ICMPD-ის (International Center for Migration Policy Development) ხელშეწყობით, მომზადებული პრაქტიკული გზამკვლევის პრეზენტაცია. პუბლიკაციაში მოცემულია საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობის შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაცია, შესაბამის პრაქტიკულ სამართლებრივ განმარტებებთან ერთად.
სამუშაოებში აქტიური მონაწილეობა მიიღო საბერძნეთში მოქმედ ქართველ იურისტთა ჯგუფმა, როგორც საბერძნეთის კანონმდებლობის ინტერპრეტირების კუთხით, ასევე საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილების გზამკვლევში ასახვის თვალსაზრისით. პროექტში მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის სახალხო დამცველმა ანდრეას პოტაკისმა, საბერძნეთის საემიგრაციო პოლიტიკის სამინისტრომ, ასევე ჩვენი დიასპორის არაერთმა აქტიურმა წევრმა. პროექტს კოორდინაციას უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
გზამკვლევი ემსახურება იმ მიზანს, რომ საბერძნეთის შესაბამისი კანონმდებლობის რთულად აღსაქმელი სპეციფიკური სამართლებრივი დებულებები მოგაწოდოთ სრულყოფილად და ამასთან, იმგვარი ფორმით, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, იოლად მიიღოთ ინფორმაცია: საბერძნეთში ყოფნის პერიოდში თქვენი უფლებების შესახებ (იმისდა მიუხედავად, იმყოფებით ლეგალურად, თუ არალეგალურად); იმ პროცედურების შესახებ, რომელთა საშუალებითაც საბერძნეთში ბინადრობის სხვადასხვა კატეგორიის ნებართვის მიღებაა შესაძლებელი; საბერძნეთში თქვენი ყოფნის სტატუსიდან გამომდინარე, განათლების მიღების, ჯანდაცვის მომსახურების მიღების, დასაქმების შესაძლებლობების თაობაზე; სხვა თქვენთვის საყურადღებო არაერთ საკითხზე. ამ გზამკვლევის საშუალებით თქვენ შეძლებთ თავად შეაფასოთ: თუ რამდენად არის შესაძლებელი საბერძნეთში თქვენი ყოფნის ხანგრძლივობის, საბერძნეთში თქვენს ცხოვრებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მეშვეობით ლეგალურად მობინადრის სტატუსის მიღება; თუ რა დამატებითი საბუთები გესაჭიროებათ რომელიმე კატეგორიის ბინადრობის ნებართვის მისაღებად; საბერძნეთის რომელი სახელმწიფო ინსტიტუტები არიან პასუხისმგებელი თქვენი განაცხადების განხილვაზე; რა ვადებში და რა პროცედურებით მიმდინარეობს თქვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტების დამუშავება და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ გზამკვლევის საშუალებით თქვენ შეძლებთ ზემოხსენებული ინფორმაციის სახლიდან გაუსვლელად, ან სამუშაო ადგილზევე მიღებას.
გზამკვლევი მუდმივად განახლებადი დოკუმენტია. ჩვენ მასში პერიოდულად ავსახავთ საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობაში შესულ იმ ცვლილებებს, რომელთაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ საბერძნეთში თქვენს ყოფნაზე. გზამკვლევის უსასყიდლოდ მიღება შეგიძლიათ ქ. ათენში საქართველოს საელჩოსა და ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში. პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია ასევე ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიასპორული პორტალების ინტერნეტ-გვერდებზე.
შემდგომ ეტაპზე, ქართველ იურისტებთან ერთად მომზადდება საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობის ცვლილებები (საკანონმდებლო ინიციატივები), რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების კონკრეტული ჯგუფებისათვის საბერძნეთში ბინადრობის ლეგალიზაციის გამარტივებას. ამ ინიციატივებს, ბერძნულ მხარესთან კოორდინაციით, ავსახავთ საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობების დღის წესრიგში.
გზამკვლევის პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ-ნი ზვიად გონაძე, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ბ-ნი რატი ბრეგაძე, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ბ-ნი გიორგი ტაბატაძე, ორგანიზაცია ICMPD-ის ქ. ვენის ოფისის წარმომადგენლები და საბერძნეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.