საქართველოს ელჩმა ლევან ბერიძემ საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა გამართა
7 მაისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, თეოდორა (დორა) ბაკოიანისთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე.
საუბარი ეხებოდა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, უმაღლესი დონის საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების ორგანიზებას, მათ შორის, სპიკერებისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრების განხორციელებას და ორი ქვეყნის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების აქტიური კომუნიკაციის ხელშეწყობას. ამასთან, ქართული მხარე საერთო საკომიტეტო სხდომების გამართვის ინიციატივით გამოვიდა და საქართველოს ელჩმა დორა ბაკოიანისი საქართველოში მიიწვია.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხებს და ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. საუბარი ასევე ეხებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს. საქართველოს ელჩმა მადლიერება გამოხატა საბერძნეთის მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბერძნული მხარე მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირის, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.