საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე მსოფლიო მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა
20 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ ნავპლიოში გაიმართა მსოფლიო მშვიდობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც ნავპლიოს მერიის, “UNESCO”-ს რეგიონალური ორგანიზაციისა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
საქართველოს ელჩმა მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა როგორც “UNESCO”-ს ადგილობივი ორგანიზაციის დირექტორს, მერი ზილემენუს, ასევე ნავპლიოს მერიას და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ქალაქ ფოთსა და ნავპლიოს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობაზე და ორი ქვეყნის მყარ კულტურულ კავშირებზე.
აღსანიშნავია, რომ დამსწრე საზოგადოების წინაშე სოლო კონცერტით წარსდგა ქორეოგრაფიული ანსამბლი “კავკასია”, რომლის დამფუძნებელიც ავთანდილ მიქაბერიძე გახლავთ. ანსამბლის მიერ შესრულებულმა ქართულმა ხალხურმა ცეკვამ და სიმღერამ მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა და არაერთმა ბერძნულმა ადგილობრივმა მედიამ აღნიშნა შთამბეჭდავი ქართული წარმოდგენის შესახებ. ღონისძიებაში ქართულ ანსამბლთან ერთად, ნავპლიოს მუსიკალური გუნდიც მონაწილეობდა.
ღონისძიების ნაწილი ეძღვნებოდა ცნობილი ქართველი და ბერძენი დირიჟორის, ოდისეი დიმიტრიადისის ხსოვნის 20 წლის იუბილეს.
