საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ათენში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (LEPL) დირექტორმა, ბაკურ მიქაძემ, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობით, შეხვედრა გამართა საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს, ტრანსპორტირების მიმართულების გენერალურ დირექტორთან, იოანის მაცასთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც საავტომობილო ტრანსპორტის სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით, ისე სატრანზიტო მიმოსვლის მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, მათ შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები. ამასთანავე, ყურადღება დაეთმო საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტების რაოდენობის გაზრდაზე მსჯელობას.
აღსანიშნავია, რომ მხარეები შეთანხმდნენ 2026 წლის გაზაფხულზე, საქართველოში ორმხრივი საკომიტეტო სხდომის გამართვაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში - ლევან ბერიძე, საქართველოს დესპანი - დავით ჯალაღანია და საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საგზაო სატრანსპორტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ზურიკაშვილი.
