საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ საქართველოს საელჩოში უმასპინძლა გამოჩენილ ქართველ მოქანდაკეს, გიორგი შხვაცაბაიას
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ საქართველოს საელჩოში უმასპინძლა გამოჩენილ ქართველ მოქანდაკეს, გიორგი შხვაცაბაიას და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციას, რომელსაც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარდგენითა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, სახელოვან ქართველ მოქანდაკეს მიენიჭა საბერძნეთის ანტიკური ოლიმპიის საპატიო მოქალაქის წოდება. დაჯილდოების ცერემონია, ოლიმპიური თამაშების ჩირაღდნის ანთების ღონისძიების შემდეგ გაიმართა. ქართველ სკულპტორს საპატიო სიგელი, ოლიმპიის მერმა, არისტიდის პანაიოტოპულოსმა გადასცა.
საქართველოს ელჩმა გულითადად მიულოცა გიორგი შხვაცაბაიას დამსახურებული ჯილდო და მის ღვაწლზე ისაუბრა, ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებისა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში.
გიორგი შხვაცაბაიას ცნობილი ქანდაკება “მშვიდობის ჩირაღდანი” 1992 წელს აღიმართა ანტიკურ ოლიმპიაში ქართველი და ბერძენი ერების მეგობრობის ნიშნად. შხვაცაბაია არაერთი ცნობილი ქანდაკების ავტორია, მას მიღებული აქვს ღირსების ორდენი და საქართველოს სახელმწიფო პრემია.
