ათენში ქართველი მხატვრების გამოფენა გაიხსნა
20 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ათენში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით: ,,ქართველი მხატვრები საბერძნეთში”. გამოფენაზე წარმოდგენილია საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები.
გამოფენის გახსნაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და საბერძნეთში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც ლევან ბერიძემ აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებები კულტურის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას უწყობს ხელს. ელჩმა გამოფენის ორგანიზების პროცესში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა, გამოფენაში მონაწილე მხატვრებს კი წარმატებები უსურვა.
გამოფენა ათენის მუნიციპალიტეტის კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ორგანიზაციის “ოპანდა” და საქართველოს ხელოვნების სასახლის მხარდაჭერით გაიმართა.
საღამოს ესწრებოდნენ საბერძნეთის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, დიპლომატები და ქართველი და უცხოელი სტუმრები. ხელოვნების მოყვარულებისთვის გამოფენა ღია იქნება 25 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ათენის ხელოვნების ცენტრი (Κέντρο Τεχνών του Δήμου Αθηναίων), ელეფთერიას პარკი, ვასილისის სოფიას გამზირი 115 21.
