საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს საელჩომ ოფიციალური მიღება გამართა
3 ივნისს, ათენის ბიზანტიისა და ქრისტიანულ მუზეუმში, 3 ივნისს, ათენის ბიზანტიისა და ქრისტიანულ მუზეუმში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩომ გამართა ოფიციალური მიღება.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ელჩმა ისაუბრა სხვადასხვა სფეროში საქართველოს მიღწევებსა და ბოლო ათწლეულის მანძილზე განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის უწყვეტ ეკონომიკურ აღმასვლასა და ტურისტულ პოტენციალზე. ელჩმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის უცვლელ პრიორიტეტად ევროინტეგრაცია რჩება. მან, ამასთანავე, ხაზი გაუსვა საბერძნეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და გაძლიერების მნიშვნელობას.
დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა საბერძნეთის პარლამენტის ,,საბერძნეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის” თავმჯდომარემ, ასიმინა სკონდრამ. პარლამენტარმა ორი ქვეყნის მრავალწლოვან, ურყევ მეგობრობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრა და საქართველოს წინსვლა და წარმატებები უსურვა.
სტუმართა შორის იყვნენ საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლები, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები, ქართული დიასპორული ორგანიზაციების დამფუძნებლები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ანსამბლმა ,,შვიდკაცა”, ქართული ჰიმნი და არაერთი ქართული სიმღერა შეასრულა.