საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს ელჩი, ლევან ბერიძე, სერბეთის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრსა და სერბეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
8 ივლისს, ბელგრადში ვიზიტის ფარგლებში, შედგა საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს ელჩის ლევან ბერიძის შეხვედრა სერბეთის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან იაგოდა ლაზარევიჩთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, განსაკუთრებით მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე.
ორივე მხრიდან კმაყოფილება გამოითქვა ბელგრადსა და თბილისს შორის ახლახან დაწყებულ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, აღინიშნა საქართველოში სერბეთის საელჩოს გახსნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა, რომ ხსენებული საუკეთესოდ წარმოაჩენს საქართველოსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს და კიდევ უფრო ამყარებს ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.
იმავე დღეს, გაიმართა შეხვედრა სერბეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მილოშ ანჯიჩთან და მრჩეველთან საგარეო საქმეთა საკითხებში ალეკსანდრა ნიკოლიჩთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სერბეთს შორის ურთიერთობებში არსებულ დინამიკაზე და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა სერბული მხარის დაინტერესება თბილისში დაგეგმილ “აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილეობის მიმართ, ასევე საუბარი შეეხო Expo 2027-ში ქართული მხარის მონაწილეობას.